წიგნის კითხვის დღისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა
თბილისის საბავშვო ბაღებში წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული კვირეული დასრულდა.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა აბულაძე, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად, N27 საბავშვო ბაღს ესტუმრა, სადაც ამ დღესთან დაკავშირებით შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ბაღის სასკოლო მზაობის ჯგუფების აღსაზრდელებმა და პედაგოგებმა ყველასათვის საყვარელი ქართული და უცხოური ზღაპრებიდან- “ჭინჭრაქა” და “ბრემენელი მუსიკოსები” ეპიზოდები წაიკითხეს, პერსონაჟები განასახიერეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს.
სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს პატარებსა და პედაგოგებს მოწვევისა და საინტერესო აქტივობისათვის და სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცეს.
წიგნის საჯაროდ კითხვის დღისადმი მიძღვნილი კვირეული თბილისის ბაღებში, ტრადიციულად, საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნება. ბაღებში ხშირად იწვევენ ცნობილ ადამიანებს, რომლებიც პატარებთან ერთად კითხულობენ წიგნებს და საუბრობენ მის მნიშვნელობაზე, ასევე, სტუმრობენ თემში მდებარე საჯარო ბიბლიოთეკებს.