თბილისში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა გრძელდება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე ისნისა და სამგორის რაიონებში 4 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. სამგორის რაიონში, კერძოდ კი ლილოს დასახლებაში, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი შენდება. ბაღი 12-ჯგუფიანი იქნება და 400-მდე აღსაზრდელს მოემსახურება.
სამგორის რაიონში კიდევ ერთი 12-ჯგუფიანი საბავშვო ბაღი ე.წ. აფრიკის დასახლებაში შენდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე შეჩერებული მშენებლობა შემოდგომაზე განახლდა, ფუნქციონირებას კი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყებს.
დღესვე, კახაბერ გვანცელაძე მოქმედი ბაგა-ბაღის, „ვარკეთილის“ ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც ახალი 8-ჯგუფიანი ბაღი შენდება. მშენებლობის დასრულების შემდეგ, ბაღის კონტინგენტი ახალ შენობაში განთავსდება, განხორციელდება ძველი შენობის დემონტაჟი და მის ნაცვლად, მოეწყობა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისათვის განკუთვნილი ეზო სათამაშო მოედნებითა და ატრაქციონებით.
ახალი 9-ჯგუფიანი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს ისნის რაიონში, აშოტ კურაპალატის ქუჩაზე.
„ქალაქის მზარდი განაშენიანების ფონზე, ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების არსებობა მოსახლეობისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია. აღნიშნული ოთხი ბაღის ექსპლუატაციაში შესვლის შედეგად, შეიქმნება 300-მდე სამუშაო ადგილი, ასობით აღსაზრდელს ექნება კომფორტულ გარემოში განათლების მიღების საშუალება და შესაძლებელი გახდება მოქმედ ბაღებში გადატვირთული ჯგუფების განტვირთვა, “ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.