თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებმა მუშაობა განაახლეს
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები დასრულდა. განახლებულ სააღმზრდელო პროცესს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე სამგორის რაიონში მდებარე N160 ბაგა-ბაღში გაეცნო. ვირუსული ინფექციების საფრთხის გათვალისწინებით, სააღმზრდელო პროცესი ბაღებში საინფორმაციო კამპანიით დაიწყო. მის ფარგლებში ბაღის შესასვლელში მოეწყო საინფორმაციო კუთხე, სადაც ბაღის ჯანმრთელობის კოორდინატორებმა აღსაზრდელების მშობლებს ვირუსების გავრცელების საფრთხის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და დაურიგეს საინფორმაციო ფურცლები.
ინფორმაცია მოიცავს ვირუსებისგან მცირეწლოვანთა დაცვისათვის საჭირო ღონისძიებებსა და წესებს, ასევე რეკომენდაციებს აცრების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე.
„მიუხედავად იმისა, რომ დღეს განახლდა სააღმზრდელო პროცესი ბაღებში, სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულებაში პერსონალი 3 იანვრიდან იმყოფება და ყველაფერი მომზადდა პატარების მისაღებად. ორი დღის წინ დასრულდა ყველა საბავშვო ბაღში დეზინფექციის, დეზინსექციისა და დერატიზაციის, ასევე გენერალური დალაგების სამუშაო იმისათვის, რომ ჩვენი პატარებისთვის დაგვეხვედრებინა სუფთა და მოწესრიგებული გარემო,“ - განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ