ახალი ამბები

თბილისის მერმა საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელად გურამ ოქროპირიძე წარადგინა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გურამ ოქროპირიძე უხელმძღვანელებს. ახალი ხელმძღვანელი საზოგადოებას დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე წარუდგინა.

„დაახლოებით, ერთი თვის წინ ჩემს ერთ-ერთ მოადგილედ დაინიშნა კახა აბულაძე, რომელიც მანამდე თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსის თანამდებობას იკავებდა. დღემდე აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური იყო. ამიტომ, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უხელმძღვანელებს გურამ ოქროპირიძე. გურამს გავლილი აქვს შპაიერის საჯარო მმართველობის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის მეშვეობით ხორციელდება. რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, გურამ ოქროპირიძე 2021 წლიდან იყო თბილისის მუნიციპალიტეტის VII მოწვევის საკრებულოს წევრი. ასევე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე. მანამდე მუშაობდა კერძო სექტორში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ახალ ხელმძღვანელს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„მინდა, მას წარმატებები ვუსურო. საკმაოდ საპასუხისმგებლო და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა ბაგა-ბაღების გამართული მუშაობა, რადგან საქმე ეხება ჩვენს პატარებს. არაერთხელ მითქვამს, რომ თითოეულ დეტალს ეთმობა განსაკუთრებული ყურადღება. შესაბამისად, ამ დამოკიდებულების გაგრძელება და კიდევ უფრო გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ბაღების მიმართულებით მომდევნო წლებში კიდევ ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდება.