თბილისის მერმა ფონიჭალაში ახალგახსნილი ბაგა-ბაღი დაათვალიერა
დედაქალაქს კიდევ ერთი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატა. 230 აღსაზრდელზე გათვლილი N81 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება თბილისის მერმა კახა კალაძემ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან, კახა გვანცელაძესთან ერთად დაათვალიერა.
„ჩვენ დავაანონსეთ და არაერთხელ გვისაუბრია, რომ ძალიან დიდია მოთხოვნა საბავშვო ბაღების მიმართულებით. მსურველთა რაოდენობაც იზრდება ყოველწლიურად. თვითონაც ნახეთ, რამდენად კარგ პირობებში უწევთ ჩვენს პატარებს ბაღში სიარული. ძველ ბაღებს რაც შეეხება, არის ისეთი ბაღებიც, სადაც მძიმე მდგომარეობა იყო, დავიწყეთ მათი სარეაბილიტაციო სამუშაოები და გვინდა რომ მთელი ქალაქის მასშტაბით, ყველა უბანში, ყველა რაიონში განვახორციელოთ ახალი, თანამედროვე ბაღების პროექტები, იმ სტანდარტებით, რაც მოთხოვნილია საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან“, - განაცხადა კახა კალაძემ.
აღსანიშნავია, რომ თბილისთან შემოერთებულ დასახლებას აქამდე საბავშვო ბაღი არ ჰქონია. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად: შენობა უზრუნველყოფილია სახანძრო უსაფრთხოებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემებით, ადაპტირებულია შშმ პირთათვის, დამონტაჟებულია კამერები, რაც აღსაზრდელების მშობლებს საშუალებას მისცემს თვალი ადევნონ საკვების მზადების პროცესს, სააღმზრდელო ჯგუფებში კი სივრცეები საგანმანათლებლო და ფუნქციური დანიშნულების მიხედვითაა გადანაწილებული.
ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე, პარლამენტის წევრი ბექა ოდიშარია და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი.