თბილისის ბაღებში პროდუქტების გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ აღსაზრდელების ოჯახებისთვის საკვები პროდუქტების გადაცემის მეორე ეტაპი დაიწყო. პროექტი თბილისის მერის ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიხედვითაც, ის პროდუქტები, რომელიც ბავშვებს სტანდარტულად სააღმზრდელო პროცესში უნდა მიეღოთ, ისევ ბავშვებს მოხმარდებათ. პროდუქტების გაცემას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე თბილისის N202 ბაგა-ბაღში დაესწრო. მისი თქმით, პროცესი საგანგებო ვითარების მოქმედების პერიოდში გაგრძელდება, ხოლო პროდუქტების გაცემამდე, საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია მშობლებს შეატყობინებს ბაღში გამოცხადების თარიღსა და დროს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ხალხმრავლობა და ახლო კონტაქტი. სააღმზრდელო პროცესი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 2 მარტს შეწყდა.