თბილისის ბაღების მართვის სააგენტომ ხარისხის მართვის სერტიფიკატი ISO 9001:2015 კვლავ მოიპოვა
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ მართვის ხარისხის უმაღლესი შეფასება მიიღო - ხარისხის მენეჯმენტის სერტიფიკატი ISO 9001:2015 სააგენტოს ბიზნეს მენეჯმენტის საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია SAI GLOBAL-მა გრძელვადიანი აუდიტის შემდეგ მიანიჭა.
„მოხარული ვარ, რომ სააგენტომ მენეჯმენტის ხარისხის სერტიფიკატი მეორედ მოიპოვა და მინდა მადლობა გადავუხადო დედაქალაქის მერიას და სააგენტოს თითოეულ თანამშრომელს ამ პროცესის მხარდაჭერისათვის. ეფექტური მართვა ნიშნავს სააგენტოს რესურსების რაციონალურ ადმინისტრირებას და თუ გავითვალისწინებთ, რომ სააგენტო ბაგა-ბაღებისა და აღსაზრდელების მშობლებისთვის რესურსცენტრს წარმოადგენს, გაუმჯობესებული მომსახურებით, აღნიშნული სერვისის მთავარი ბენეფიციარები, ჩვენი აღსაზრდელები ისარგებლებენ. სააგენტოს სერვისების ხარისხის ზრდა ბაგა-ბაღის თითოეული სერვისის ხარისხის ზრდასთან პირდაპირპროპორციულია,“ განმარტავს სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე.
მართვის ხარისხის საერთაშორისო შეფასების დამადასტურებელი სერტიფიკატი ISO 9001:2015 თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს პირველად 2018 წელს მიენიჭა. უწყების მიერ განხორციელებული სისტემური ცვლილებების მაშინაც უმღლეს დონეზე შეფასდა, პარალელურად მომზადდა რეკომენდაციები ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებით, რაც ეფექტურად დაინერგა და განხორციელდა სააგენტოსა და საჯარო ბაგა-ბაღების ოპერირებაში.