ახალი ამბები

180 აღმზრდელმა გარემოდაცვის საკითხებზე გადამზადების კურსი გაიარა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლები გადაამზადა. სწავლება დედაქალაქის 180 ბაგა-ბაღიდან თითო წარმომადგენელმა გაიარა. კურსი მოიცავდა გასულ წლებში შექმნილი სახელმძღვანელოს განახლებული რედაქციის მიხედვით,  გარემოს დაცვის საკითხებზე ინფორმაციის გაზიარებას, თეორულ და პრაქტიკულ მეცადინეობებსა და დისკუსიებს, რაც შემდგომში საბავშვო ბაღებში შესაბამის აქტივობებში უნდა დაინერგოს.

ტრენინგების მიმდინარეობას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი კახაბერ გვანცელაძე გაეცნო. სტუმრებს ცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ ალადაშვილმა უმასპინძლა და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემაში გარემოდაცვითი განათლების  საფუძვლიანი დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„უაღრესად ეფექტური თანამშრომლობა გვაქვს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან. სახელმძღვანელო, რომელიც გასულ წლებში გამოიცა, აქტიურად გამოიყენება ბაგა-ბაღებში და ამ თემის მიმართ ინტერესი მუდმივად მზარდია. წელს ცენტრი აღმზრდელთა ახალ ნაკადს ამზადებს, რის შემდეგაც, დაგეგმილია კონკურსისა და შემაჯამებელი ღონისძიების ორგანიზება,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

კურსის დასრულების შემდეგ, ყველა გადამზადებულ აღმზრდელს გარემოდაცვითი განათლების სახელმძღვანელო და შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა.