თბილისის 8 საბავშვო ბაღში მასშტაბური სარემონტო სამუშაოები დაფინანსდა
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ბაღების ინფრასტრუქტურის განახლებას განაგრძობს. სააგენტოს ხელმძღვანელი კახა აბულაძე რვა საბავშვო ბაგა-ბაღში დაფინანსებული მასშტაბური სარემონტო სამუშაოებიდან ერთ დასრულებულ და ორ მიმდინარე პროექტს გაეცნო.
ვაკის რაიონში მდებარე N1 საბავშვო ბაღში ეზოს ინფრასტრუქტურა განახლდა - დამონტაჟდა ახალი პერგოლა, დაიდგა ოთხი საქვიშე მოწყობილობა, დაიგო კაუჩუკის ფილები და შეიცვალა ხელოვნური საფარი სათამაშო მოედნებზე, სადაც დაემატა ახალი ატრაქციონები, განთავსდა საპარკო სკამები.
საბურთალოს რაიონში მდებარე N158 ბაგა-ბაღში ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს. ტერიტორიაზე განხორციელდა ძველი, საქანელების დემონტაჟი, რის შემდეგაც დაიწყო გზის საფარის, გამწვანების თარგებისა და სათამაშო მოედნების მოწყობა. N112 ბაგა-ბაღში კი შენობის ფასადი იცვლება; მიმდინარეობს ეზოს ინფრასტრუქტურის განახლებაც, სადაც დაიდგმება ახალი ატრაქციონები, მოეწყობა სათამაშო მოედნები და საფეხბურთო-სპორტული მოედანი.
მასშტაბური სარემონტო სამუშაოები, ასევე, მიმდინარეობს N192, N198, N54, N118 და N38 საბავშვო ბაღებში. განახლების პროექტებისთვის სააგენტოს ბიუჯეტიდან 3, 186,177 ლარი გამოიყო.