შეხვედრა "მწვანე ჯილდოს" პრიზიორებთან
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონკურს „მწვანე ჯილდოს“ საუკეთესო ათეულში თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების ოთხი აღმზრდელი მოხვდა, N126 ბაგა-ბაღის აღმზრდელი კი პირველი ადგილის მფლობელი გახდა.
პროექტის მონაწილე აღმზრდელებს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი შეხვდა. კახა აბულაძემ N205, N126, N76 და N206 ბაგა-ბაღების აღმზრდელებს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა და მადლობა გადაუხადა გამოჩენილი აქტიურობისათვის.
„თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს თითოეული თანამშრომლის სახელით, მადლობას გიხდით იმ ენთუზიაზმისა და თავდაუზოგავი შრომისთვის, რის შედეგადაც თქვენ კიდევ ერთხელ ქვეყნის მასშტაბით წარმოაჩინეთ ჩვენი სისტემის და სამსახურის სახელი და ხელი შეუწყეთ მისი პრესტიჟის ამაღლებას.
„მწვანე ჯილდოს“ საუკეთესო ათეულში მოხვედრა ნამდვილად მნიშვნელოვანი დამსახურებაა და გისურვებთ, რომ ეს ყოფილიყოს ყველაზე მცირედი, რასაც თქვენ თქვენი პროფესიული საქმიანობის გზაზე მიაღწევთ,“ - განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა.
კონკურსი „მწვანე ჯილდო“ საქართველოს მასშტაბით ყოველწლიურად ტარდება და სკოლამდელი სისტემიდან წარმოდგენილ მონაწილეთა შორის თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების აღმზრდელები, ტრადიციულად, საუკეთესო შედეგებს აღწევენ.