Save the Children-სა და ბაღების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებში, ორგანიზაცია თბილისის 40-მდე ბაღში პროგრამა „ჰართს“ დანერგავს.
შეთანხმებას ხელი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ და ორგანიზაცია Save the Children-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, თამარ გოლუბიანმა მოაწერეს.
„უკვე რამდენიმე წელია აქტიურად ვთანამშრომლობთ ორგანიზაცია Save the Children-თან და ამის მაგალითია ის, რომ „ჰართი“, რომელიც გასულ წლებში საპილოტე რეჟიმში, 12 საბავშვო ბაღში განხორციელდა, წელს 40-მდე ბაღში შევა. ამასთან ერთად, მოხდება ტრენერთა გადამზადება, რაც საშუალებას მოგვცემს, ჩვენივე რესურსით, ხელი შევუწყოთ ამ მნიშვნელოვანი მეთოდოლოგიის დანერგვას თბილისის ყველა ბაღში. ჩვენი მხრიდან უწყვეტი იქნება საჭირო მეთოდური მასალებით ბაღების მომარაგების პროცესი“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
HEART – Healing and Education Through the Arts, არის ხელოვნების გზით, განათლებისა და გაჯანსაღების მეთოდოლოგია, რომელიც მრავალფეროვანი აქტივობებით ეხმარება პატარებს სტრესის დაძლევაში, ემოციების მართვაში, კომუნიკაციისა და შემეცნებითი უნარების განვითარებაში. პროგრამის ეფექტიანობა დადასტურებულია როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი პილოტირების შედეგების კვლევებით. პროგრამა განსაკუთრებით ეფექტიანია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესში ჩართვისა და განვითარებისთვის.
მემორანდუმის ფარგლებში, ორგანიზაცია განახორციელებს 250 000 ლარის ინვესტიციას, გადაამზადებს 12 „ჰარტ“ ტრენერს და 39 საბავშვო ბაღის 318 აღსაზრდელს, ასევე, მონაწილეებს უზრუნველჰყოფს აუცილებელი სამუშაო მასალით.
სამუშაო შეხვედრაზე პროექტის განვლილი ეტაპი და სამომავლო გეგმებიც განიხილეს. გასულ წელს გადამზადებულ თანამშრომლებს კი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.