Save the Children-ისა და ბაღების სააგენტოს ჰუმანიტარული პროექტი
საერთაშორისო ორგანიზაციამ „გადავარჩინოთ ბავშვები“, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთან თანამშრომლობით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყო. ჰუმანიტარული პროექტი - „საბავშვო სივრცე“ დედაქალაქში მყოფი უკრაინელი ბავშვებისთვის ისეთი გარემოს შექმნას ითვალისწინებს, სადაც მათი ასაკისთვის შესაბამისი ფსიქოსოციალური და განმავითარებელი აქტივობები ჩატარდება.
ბაღების სააგენტომ ამ პროექტისთვის Save the Children-ს ფალიაშვილის N34-ში მდებარე თბილისის N1 საბავშვო ბაღის შენობა დაუთმო, სადაც სააღმზრდელო წლის დასრულებამდე ბაღი მხოლოდ უქმე დღეებში იმუშავებს, ივლისიდან კი აღნიშნული სერვისი უკრაინელი ბავშვებისთვის ყოველდღიურ რეჟიმში გახდება ხელმისაწვდომი.
უკრაინელი ბავშვები დღეს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ მოინახულა და ორგანიზაციის წარმომადგენელ თამუნა თოფურიას, ასევე პროექტში ჩართულ ფსიქოლოგებსა და პედაგოგებს გაესაუბრა.
„ჩვენ ინტენსიურად ვთანამშრომლობთ ორგანიზაციასთან „გადავარჩინოთ ბავშვები“ და ამჯერადაც, გამოვთქვით მზადყოფნა, დაგვეთმო სივრცე თბილისის ცენტრალურ უბანში. აქტიურობა უკრაინის მოქალაქეების მხრიდან ძალიან მაღალია, ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ჩვენს ბაღებში 200-მდე უკრაინელი ბავშვი უკვე დადის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სააგენტო და ქალაქის მერია ძალისხმევას არ იშურებს, რათა უკრაინელ ოჯახებს მაქსიმალურად გავუმარტივოთ თბილისში ყოფნა, მაინც ვისურვებდი მოვლენების ისეთ განვითარებას, რის შედეგადაც ეს ბავშვები და მათი ოჯახები საკუთარ სამშობლოში დაბრუნებას მალე შეძლებენ,“ განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ბენეფიციარებთან ორი უკრაინელი ფსიქოლოგი და ორი ქართველი პედაგოგია დასაქმებული, უახლოეს დღეებში კი ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ პროექტში კიდევ ოთხ უკრაინელ სპეციალისტს დაასაქმებს. პროექტი მთლიანად დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვების“ მიერ.