სამგორის რაიონში შემოდგომაზე ორი ახალი ბაღი გაიხსნება
სამგორის რაიონს შემოდგომაზე ორი ახალი საბავშვო ბაღი შეემატება. დასრულებული და მიმდინარე პროექტები დღეს თბილისის მერის მოადგილემ კახა გულედანმა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ გოგი ჩიქოვანთან ერთად დაათვალიერა.
ვარკეთილის დასახლებაში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე N130 საბავშვო ბაგა-ბაღი 18 სექტემბერს გაიხსნება და ის 250-ზე მეტ აღსაზრდელს მიიღებს. შენობა აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. გათვალისწინებულია ბავშვთა უსაფრთხოების საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობით დადგენილი ნორმები, მათ შორის სახანძრო უსაფრთხოება, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები. ამასთან, სამზარეულო ბლოკი აღჭურვილია HACCP-ის სტანდარტების შესაბამისად. ბაღის ეზოში მოწყობილია სათამაშო მოედნები და თანამედროვე ატრაქციონები, დამონტაჟებულია მზის ენერგიაზე მომუშავე გარე-განათების სისტემა.
მერის მოადგილე აფრიკის დასახლებაში, ბ. ჭიჭინაძის ქუჩაზე აშენებული ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის მიმდინარეობასაც გაეცნო. 15-ჯგუფიანი ბაღის ექსპლუატაციაში მიღება ნოემბრის ბოლოსთვის იგეგმება.
„ორი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი სამგორის რაიონში, ფაქტობრივად, დასრულებულია. N130 საბავშვო ბაღი აღსაზრდელებს 18 სექტემბერს, ახალ სააღმზრდელო წლის დასაწყისში, საზეიმო ვითარებაში მიიღებს. ბავშვებს დახვდებათ ულამაზესი და უსაფრთხო გარემო, კეთილმოწყობილი ჯგუფები, სათამაშო მოედნები, ატრაქციონები. კიდევ ერთი, 15-ჯგუფიანი საბავშვო ბაღის მშენებლობა კი ნოემბერში დასრულდება და წლის ბოლომდე სამგორის რაიონს კიდევ ერთი ახალი, თანამედროვე საბავშვო ბაღი შეემატება,“ - განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა გოგი ჩიქოვანმა.
თბილისის მერის მოადგილესთან ერთად, ბაღების სააგენტოს პროექტებს რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები, სოზარ სუბარი და რევაზ სოხაძეც გაეცნენ.