ახალი ამბები

საბავშვო ბაღებს მადლობის სიგელები გადაეცათ

თბილისის 181 საბავშვო ბაგა-ბაღს კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პერიოდში, დედაქალაქის მერის მიერ ინიცირებული სოციალური პროექტის უსაფრთხოდ და წარმატებით განხორციელებისთვის მადლობის სიგელები გადაეცა.

საბავშვო ბაღების დირექტორებს თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე შეხვდნენ. მათ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების წარმომადგენლებს სოციალური პროექტის ეფექტური განხორციელებისთვის, ასევე, იმ დაუღალავი შრომისთვის მადლობა გადაუხადეს, რომელიც ბაღების აღსაზრდელების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფისთვის ბოლო თვეების განმავლობაში გასწიეს.

კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, შეუფასებელია ის ძალისხმევა, რომელიც ბაღების ადმინისტრაციებმა და საგანმანათლებლო პერსონალმა არ დაიშურა და ყველაზე რთულ ვითარებაში, უსაფრთხოების წესების დაცვით, ბავშვებისთვის იმ პროდუქტების გაცემა უზრუნველყვეს, რაც სპეციალისტების რეკომენდაციით შეირჩა.

თბილისის მერის ინიციატივით, სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც, თითოეული აღსაზრდელის ოჯახს საშუალება ჰქონდა, ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი ნობათი ორ კვირაში ერთხელ მიეღო, ბაღებში 19 მარტიდან დაიწყო. ოთხი თვის განმავლობაში, ბაღებში 50 000-ზე მეტმა ოჯახმა, ჯამში, 383 635 პაკეტი მიიღო. პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 11 მილიონი ლარი დაიხარჯა.