საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გოგი ჩიქოვანი უხელმძღვანელებს
თბილისის საბავშვო ბაგა- ბაღების მართვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - გოგი ჩიქოვანი სააგენტოს დირექტორად დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე წარადგინა.
გოგი ჩიქოვანი აქამდე ქალაქ თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.
“საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსის პოზიციაზე მინდა წარმოგიდგინოთ გოგი ჩიქოვანი, რომელიც აქამდე იკავებდა კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციას. მას ებარა განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულება, რასაც წარმატებით უძღვებოდა. გოგი ჩიქოვანის უშუალო ორგანიზებით, არაერთი ახალგაზრდული და საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა და ის ერთ-ერთი საიმედო პროფესიონალია ჩვენს გუნდში. გოგი არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, რაც კიდევ ერთი უპირატესობაა ამ პოზიციაზე. ვფიქრობ, გოგი ჩიქოვანი სწორედ ის ადამიანია, რომელიც უზრუნველყოფს, როგორც სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის დახვეწას, ასევე, ბავშვების უსაფრთხოებას და იმ გამოწვევების დაძლევას, რაც ზოგადად, სკოლამდელი აღზრდის სისტემაში არსებობს. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას“, - განაცხადა თბილისის მერმა.