სააგენტო მეთოდური ანგარიშების განხილვა-შეფასებას იწყებს
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ, აღმზრდელ-პედაგოგის ახალი სახელმწიფო სტანდარტის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, მეთოდური ანგარიშების განხილვა-შეფასება დაიწყო. თბილისის ყველა საჯარო საბავშვო ბაღიდან გამოთხოვილი ინფორმაციის განხილვა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში გაიმართა და მას სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე დაესწრო. ანგარიშები, რომელიც 2019-2020 სააღმზრდელო წლის პირველ სემესტრში განხორციელებულ სამუშაოს მოიცავს, ბაგა-ბაღების განვითარების განყოფილების უფროსმა სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად განიხილა. რამდენიმედღიანი განხილვის პროცესი გულისხმობს ბაღების მეთოდური მიმართულების შეფასებას, რომლის მიხედვითაც სააგენტო საუკეთესო შედეგის მქონე სამ ბაღს გამოავლენს და მათ უახლოეს მომავალში შესაბამისი სიგელით დააჯილდოებს. „ახალი სტანდარტის ინტეგრაცია სააღმზრდელო მეთოდოლოგიაში ინტენსიურად მიმდინარეობს. ეს ის პროცესია, რომელიც მუდმივ ზედამხედველობას, შენიშვნებსა და მითითებებს საჭიროებს საუკეთესო შედეგის მისაღწევად. ჩვენ ვნერგავთ რეპორტინგის ახალ ფორმას, რათა მინიმალურ დროში შევძლოთ შენიშვნების სისტემატიზაცია და შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.