პროდუქტების დარიგების მესამე ეტაპი მიმდინარეობს
თბილისის საჯარო ბაღებში დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინიციატივით დაწყებული სოციალური პროექტის მესამე ეტაპი მიმდინარეობს. სამგორის რაიონის საჯარო ბაღებში აღსაზრდელების ოჯახებისთვის პროდუქტების გადაცემის პროცესს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი გაეცნო. კახაბერ გვანცელაძე N 115 და N 169 ბაგა-ბაღებში იმყოფებოდა და მშობლებს აღნიშნული პროექტის შესახებაც გაესაუბრა. პროდუქტების გაცემა ბაღებში სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში მიმდინარეობს, სადაც მაქსიმალურად არის დაცული სოციალური დისტანცია და სხვა აუცილებელი რეკომენდაციები, რაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით არის დადგენილი. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 2 მარტიდან შეწყდა, საკვები პროდუქტების გაცემის პროექტი კი 19 მარტს დაიწყო. სოციალური პროექტის ფარგლებში, კვებისთვის გათვალისწინებული პროდუქტების გარკვეული ნაწილი აღსაზრდელების ოჯახებს გადაეცემა. პროექტის თითოეული ეტაპის ღირებულება 1 800 000 ლარია.