„ნეიროპლასტიურობა და განათლება“ - პროექტი 5 ბაღში ხორციელდება
თბილისის ხუთი საბავშვო ბაღის პერსონალი ნეიროპლასტიურობის საგანმანათლებლო პროგრამის ტრენინგს გაივლის. გადამზადების კურსის მიმდინარეობას N1 საჯარო ბაგა-ბაღში თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე გაეცნო. პროექტი გასულ წელს N74 ბაგა-ბაღში განხორციელდა და ეფექტურობიდან გამომდინარე, გადაწყდა მისი დანერგვა კიდევ რამდენიმე ბაღში. პროექტს ორგანიზაცია „კულტურული ცენტრი - ბიბლიოთეკა თანადგომა“ ახორციელებს. ნეიროპლასტიურობა და განათლება ნეირომეცნიერების უახლეს მიღწევებსა და კვლევებზე დაფუძნებული სასწავლო მეთოდოლოგიაა, რომელიც მოიცავს 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებთან ყოველდღიური მუშაობის პროცესში იმგვარი აქტივობების, ვარჯიშებისა და თამაშების განხორციელებას, რაც ხელს უწყობს ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობების, მეხსიერებისა და სხვა გონებრივი უნარების გააქტიურებასა და განვითარებას. როგორც ცნობილია, 2-6 წელი სწორედ ის ასაკია, როდესაც ყველაზე დიდი სიხშირით ხდება ადამიანის გონებაში ნეირონული კავშირების აღმოცენება. ამ პროცესის გააქტიურება სპეციალური აქტივობებით, ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ზრდის.