N93 საბავშვო ბაღს კიშნიოვის მერიის წარმომადგენლები ეწვივნენ
თბილისის N93 საბავშვო ბაგა-ბაღს მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვის მერიის წარმომადგენლები ეწვივნენ. დანიელა მუნკა-აფტენიევი, კიშინიოვის მერიის განათლების, სპორტის და სპორტის განყოფილების გენერალური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე და ამავე დეპარტამენტის სპეციალისტი კორინა ზავტევი თბილისის საჯარო ბაღების სერვისებით დაინტერესდნენ. სტუმრებს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ მოადგილესთან და ბაგა-ბაღის დირექტორთან ერთად უმასპინძლა.
მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია მათ მართვაში არსებული ბაგა-ბაღების, ასევე ზოგადად,სკოლამდელი განათლების სისტემისა და მოქმედი კანონმდებლობების თაობაზე, როგორც ინფრასტრუქტურის, ისე საგანმანათლებლო და მეთოდოლოგიური მიმართულებით. სტუმრებმა მზადყოფნა გამოთქვეს, მათ ქალაქშიც უმასპინძლონ თბილისის ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებს და გააცნონ კიშინიოვის ბაგა-ბაღების მართვისა და საგანმანათლებლო სისტემა.
ქალაქ კიშინიოვის დელეგაცია საქართველოში თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ეწვია. კიშინიოვი 2011 წლიდან თბილისთან დაძმობილებული ქალაქია.