N89 საბავშვო ბაღი მალე რეაბილიტირებულ შენობაში დაბრუნდება
თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორ გოგი ჩიქოვანთან ერთად, გლდანის რაიონში მდებარე N89 საბავშვო ბაგა-ბაღის რეაბილიტაციის პროექტს გაეცნო.
პროექტის ფარგლებში, განხორციელდა შენობის ავარიული ფლიგელის დემონტაჟი, რომლის ნაცვლადაც აშენდა ახალი ფლიგელები, შენობის ნაწილზე კი გამაგრების სამუშაო ჩატარდა. საბავშვო ბაღის ადაპტირების მიზნით, გაკეთდა პანდუსები და დაემატა ლიფტი შშმ პირთათვის. მოეწყო სახანძრო უსაფრთხოებისა და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები.
„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი სრულდება გლდანის რაიონში. N89 ბაღს შენობის სრული და მასშტაბური რეაბილიტაცია დასასრულ ფაზაშია. ამჟამად, მიმდინარეობს შიდა სარემონტო და ფასადის სამუშაოები, ასევე, ეზოში სათამაშო და სპორტული მოედნების კეთილმოწყობა. ბაღი სრულიად ახალი ავეჯით, ტექნიკითა და ინვენტარით აღიჭურვება. რამდენიმე კვირაში კი ალტერნატიულ ფართში განთავსებული კონტინგენტი თანამედროვე სტანდარტების ახალ შენობაში დაბრუნდება. ახალი ბაღი 500-მდე აღსაზრდელს მოემსახურება,“ - განაცხადა გოგი ჩიქოვანმა.
გლდანის ა-მიკრორაიონში მდებარე N89 საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 4 408 895 ლარია.
განახლებული საბავშვო ბაღის შენობა დღეს რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა კოტე ზარნაძემ და რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ კალაძემაც დაათვალიერეს