N71 საბავშვო ბაღის ავარიული შენობის გამაგრება დაიწყო
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ კრწანისის რაიონში მდებარე N71-ე საბავშვო ბაგა-ბაღის ავარიული შენობის გამაგრების პროექტი დაიწყო. სამუშაოებს, სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე, რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ლევან ჯაფარიძესთან და გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან ერთად, გაეცნო.
აღნიშნულ შენობას ჩაუტარდება კონსტრუქციის გამაგრების ღონისძიებები, ასევე, შეიცვლება სახურავი, ჩატარდება შიდა რემონტი და შშმ პირთათვის ადაპტირდება.
„კრწანისის რაიონში მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ. კერძოდ, ფონიჭალის დასახლებაში, სადაც 71-ე ბაღის რეაბილიტაციის პროცესი დავიწყეთ. სამუშაოები საკმაოდ მასშტაბურია. ეს გახლავთ ერთ-ერთი დიდი ბაღი არამხოლოდ რაიონში, არამედ თბილისში. სულ 14 ჯგუფი ფუნქციონირებს. პროექტის დასრულების შემდეგ, ამ საბავშვო ბაღში 500 ბავშვი შეძლებს ჩვენი მომსახურების მიღებას,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.
N71-ე ბაგა-ბაღის კონტინგენტი, ამჟამად, ახლომდებარე ბაღშია განთავსებული, შემოდგომაზე კი, აღსაზრდელები განახლებულ შენობაში დაბრუნდებიან.
პროექტს კომპანია „სიემდი ფორტექსი“ ახორციელებს. მისი ღირებულება 850 000 ლარია.