N55 ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია გრძელდება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე N55 ბაგა-ბაღში გამაგრების პროექტის მიმდინარეობას გაეცნო. პროექტის პირველი ეტაპი - შენობის კონსტრუქციის გამაგრება და გარე ფასადის აღდგენა დასრულებულია. ამჟამად, მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები, კედლების დამუშავება და სველი წერტილების მოწყობა. „მთაწმინდის რაიონში არსებული ბაგა-ბაღების შენობების მდგომარეობა, ზოგადად, ძალიან მძიმეა, რადგან მათი უმრავლესობა საუკუნეების წინ არის აშენებული და ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, შესაბამისად, გამაგრებისა თუ რეაბილიტაციის სამუშაოები ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. პროექტის დასრულების შედეგად, ამ შენობაში ბაღის ფუნქციონირება სრულიად უსაფრთხო იქნება,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ. N55 ბაგა-ბაღი ალტერნატიულ ფართში ფუნქციონირებს. პროექტის დასრულების შემდეგ, ბაღი კუთვნილ შენობას დაუბრუნდება.