N37 საბავშვო ბაღის შენობას რეკონსტრუქცია უტარდება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა აბულაძემ ერთ-ერთი ასეთი პროექტი დღეს ისნის რაიონში ქალაქის მერის მოადგილე კახა გულედანთან და რაიონის გამგებელ ნიკა ელისაშვილთან ერთად დაათვალიერა.
გოჩა ონაშვილის ქუჩაზე მდებარე N37 საბავშვო ბაღის შენობას რეკონსტრუქცია უტარდება. პროექტში გათვალისწინებულია შენობის გაძლიერება, გაფართოება და შედეგად, ჯგუფების რაოდენობის გაზრდა 12-დან 14-მდე.
შენობაში ასევე დამონტაჟდება სამგზავრო და ტექნიკური ლიფტები, შეიცვლება შშმ პირთათვის ადაპტირების ინფრასტრუქტურა და სრულად გარემონტდება ინტერიერი და ექსტერიერი.
რეკონსტრუქციის პროექტი კახა აბულაძემ დღეს აღსაზრდელთა მშობლებსაც გააცნო. პროექტის ღირებულება 3182588,94 ლარია და მისი დასრულება ერთ წელიწადში იგეგმება.