N2 საბავშვო ბაგა-ბაღი ახალ სასწავლო წელს განახლებული შენობით შეხვდება
ჩუღურეთის რაიონში მდებარე N2 საბავშვო ბაგა-ბაღი ახალ სასწავლო წელს განახლებული შენობით შეხვდება. რეაბილტაციის პროექტი დასრულებულია და და ამჟამად მიმდინარეობს შენობის ავეჯით, ტექნიკითა და სხვა მნიშვნელოვანი ინვენტარით აღჭურვა.
რეაბილიტირებული ბაღი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა აბულაძემ მერის მოადგილე კახა გულედანთან ერთად დაათვალიერა და მას ყველა ის სამუშაო გააცნო, რომელიც მშენებლობის პროცესში ჩატარდა.
„საკმაოდ რთული და მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ ჩუღურეთის რაიონში. ჩატარდა, როგორც სრული რეაბილიტაცია ძველი ისტორიული შენობის, ასევე აშენდა ახალი შენობა თანამედროვე დიზაინითა და სტანდარტებით. ბაღი რვაჯგუფიანი იქნება და 290-მდე ბავშვს მოემსახურება. საბავშვო ბაღი ახალ შენობაში სექტემბერში დაბრუნდება, სადაც პატარებს უსაფრთხო და კეთილმოწყობილი გარემო დახვდებათ. პროექტი ბიუჯეტიდან 4 071 011 მილიონი ლარით დაფინანსდა,“ - განმარტა კახა აბულაძემ.
N2 საბავშვო ბაღის შენობის ერთი ნაწილი ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლია, ის მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში აშენდა და ამიტომ, მისი პირვანდელი სახის შენარჩუნება, გამაგრებასთან ერთად, პროექტის მთავარი ამოცანა იყო, თუმცა საბავშვო ბაღს ასევე ჰქონდა მეორე ფლიგელი, რომლის დემონტაჟიც განხორციელდა და მის ნაცვლად აშენდა სრულიად ახალი კორპუსი. ახალ შენობაში განთავსებულია სააღმზრდელო ჯგუფები, სპორტული და ღონისძიებების დარბაზები და სამზარეულოს ბლოკი.
ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ ჩუღურეთის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ჩიკვილაძე, პარლამენტის დეპუტატი რიმა ბერაძე, რაიონის გამგებელი დავით მაქაცარია და თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე.