N198 ბაგა-ბაღის შენობა "განახლების პროგრამის" ფარგლებში განახლდა
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა აბულაძემ ქალაქის მერის მოადგილე კახა გულედანთან ერთად დიდ დიღომში მდებარე N198 საბავშვო ბაგა-ბაღის განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
საბავშვო ბაღში მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა - რეაბილიტაცია ჩაუატარდა ფასადს, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო, ასევე მოეწყო სათამაშო მოედნები თანამედროვე ატრაქციონებით, აშენდა ახალი სპორტული მოედანი, დაიდგა საჩრდილობლები და მოწესრიგდა გზის საფარი. პროექტის ღირებულება 431,500 ლარია.
აღნიშნული პროექტი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს მიერ დაწყებული „განახლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
„დასრულდა N198 საბავშვო ბაღში ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი. ანალოგიური სამუშაოები ჩვენ თბილისის შვიდ სხვა საბავშვო ბაღშიც განვახორციელეთ. „ბაგა-ბაღების განახლების პროგრამის“ მიზანია ძველი ინფრასტრუქტურის განახლება-მოწესრიგება, რათა ყველა აღსაზრდელს მიეცეს საშუალება კეთილმოწყობილ და უსაფრთხო გარემოში მიიღოს სკოლამდელი განათლება. მიმდინარე წელს ეს პროგრამა კიდევ ათამდე ბაღს შეეხება,“ - განაცხადა კახა აბულაძემ.
ბაგა-ბაღის განახლებული ინფრასტრუქტურა საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ავთანდილ ცინცაძემაც დაათვალიერა.