N185 ბაგა-ბაღში მინი ავტოქალაქის პრეზენტაცია გაიმართა
თბილისის N185 ბაგა-ბაღში მინი ავტოქალაქის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სკოლამდელი ასაკის ბავშვებში საგზაო მოძრაობის შესახებ საბაზისო ცოდნის მიცემას, მაჟორიტარი დეპუტატის, შალვა ოგბაიძის ინიციატივის საფუძველზე, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ განახორციელა. პრეზენტაციას დღეს თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო.
ავტოქალაქის ტერიტორიაზე დამონტაჟებულია ძირითადი საგზაო ნიშნები, დახაზულია გზა, განსაზღვრულია პარკინგის ადგილები, დამონტაჟებულია ავტობუსის მინიატურული გაჩერებები, სარკეები და შუქნიშნები.
ღონისძიებაზე სასკოლო მზაობის ჯგუფების აღსაზრდელებმა საბავშვო სატრანსპორტო საშუალებებით იმიტირებული საგზაო მოძრაობა წარმოადგინეს. გაითამაშეს შუქნიშნითა და ქვეითთა გადასასვლელებით სარგებლობის სცენები. მოძრაობის ორგანიზებაში პატარებს ბაღის ადმინისტრაციის მიერ მოწვეული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები ეხმარებოდნენ.
„შესანიშნავი იდეა შემოგვთავაზა ბატონმა შალვა ოგბაიძემ რამდენიმე თვის წინ და ჩვენ ეს ინიციატივა მის სამაჟორიტარო ოლქში შერჩეულ საბავშვო ბაღში განვახორციელეთ. მინი ავტოქალაქი, რომელიც N185 ბაღის ტერიტორიაზე გაშენდა, არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა იმისათვის, რომ მეთოდოლოგიით გათვალისწინებული პროგრამის ფარგლებში თეორიულად მიღებული ცოდნა ბავშვებმა პრაქტიკაში გაიღრმავონ და მათ შეიძინონ ის უნარები, რომელიც ნებისმიერ პასუხისმგებლიან მოქალაქეს უნდა გააჩნდეს,“ - განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ რაიონის გამგებელი, დეპუტატები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებმაც ბავშვებს სიმბოლური მართვის მოწმებები გადასცეს.