კახაბერ გვანცელაძემ სამი ბაღის მეთოდისტებს სიგელები გადასცა
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ თბილისის N117, N6 და N63 ბაგა-ბაღების საგანმანათლებლო მიმართულების კოორდინატორებს ეფექტური და წარმატებული მეთოდური მუშაობისთვის სიგელები გადასცა და წარმატებები უსურვა. „ბაღების მართვის სააგენტო მუდმივ ზედამხედველობას უწევს ახალი სტანდარტის ეფექტურ ინტეგრაციას ბაღებში. სწორედ ეს იყო ანგარიშების განხილვისა და შეფასების მიზანიც. ანგარიშები განვითარების განყოფილებამ შეაფასა. გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ გაგვიჭირდა, რადგან თითოეული ბაღის მუშაობა არის განსხვავებული და ინდივიდუალური, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად მოვერგეთ სტანდარტის მოთხოვნებს და გამოვავლინეთ სამი საუკეთესო ნამუშევარი. ჩვენ გავაგრძელებთ მეთოდური მუშაობის მონიტორინგს და იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი წამახალისებელი იქნება ჩვენი ბაღების თითოეული თანამშრომლისთვის,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ. აღმზრდელ-პედაგოგის ახალი ტრენინგ-მოდული 2018 წელს დამტკიცდა, რის მიხედვითაც, განათლების სამინისტროს ინიციატივით, შესაბამისი გადამზადების კურსი გაიარეს თბილისის ბაღების საგანმანათლებლო მიმართულების კოორდინატორებმა სამომავლოდ ამ სტანდარტის პრაქტიკაში დანერგვის მიზნით. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ, აღმზრდელ-პედაგოგის ახალი სახელმწიფო სტანდარტის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, მეთოდური ანგარიშების შეფასება რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. ანგარიშები 2019-2020 სააღმზრდელო წლის პირველ სემესტრში განხორციელებულ სამუშაოს მოიცავდა და მის განხილვაში განვითარების განყოფილებასთან ერთად, სააგენტოს ხელმძღვანელიც იყო ჩართული.