კახაბერ გვანცელაძემ ორგანიზაცია Save the Children-ის ფორუმი გახსნა
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ ორგანიზაცია Save the Children-ის პროგრამა HEART-ის შემაჯამებელი ფორუმი გახსნა.
პროგრამა HEART-ი (Healing and Education Through The Arts) ხელოვნების მეშვეობით ბავშვის გაჯანსაღებაზე, განვითარებასა და სწავლებაზეა ორიენტირებული. საერთაშორისო ორგანიზაციამ აღნიშნული პროექტი 2018 წელს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელშეწყობით დაიწყო და ის თბილისის 12 ბაგა-ბაღში განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, 48 აღმზრდელი გადამზადდა. სწავლების დასრულების შემდეგ აღმზრდელებსა და მათ აღსაზრდელებს სხვადასხვა მეთოდური მასალების ნაკრებები გადაეცა.
კახაბერ გვანცელაძემ თბილისის ბაღებში პროექტის განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ბაღების მართვის სააგენტო ხელს შეუწყობს ყველა იმ პროექტის განხორციელებას, რაც ბავშვთა აღზრდისა და განათლების სფეროში ახალი მეთოდებისა თუ მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო სტანდარტებთან ადაპტაციას ემსახურება. აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით ქალაქის მერია და ბაღების მართვის სააგენტო მთელ რიგ ინფრასტრუქტურულ თუ საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებს. საბოლოო ჯამში კი, სკოლამდელი განათლების ხარისხი და ხელმისაწვდომობა იზრდება“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.