კახაბერ გვანცელაძემ ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება აღსაზრდელებს N153 ბაღიდან მიულოცა
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ 2019-2020 სააღმზრდელო წლის დაწყება N153 და N205 ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს, მშობლებსა და პერსონალს გლდანის რაიონის გამგებელ, ბექა მიქაუტაძესთან ერთად მიულოცა. აღსაზრდელებს საბავშვო ბაღებში მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებით დახვდნენ - პატარების მხიარული განწყობის შესაქმნელად აღმზრდელებთან ერთად, სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეულმა ანიმატორებმა და ზღაპრების გმირებმა იზრუნეს.
N153 ბაგა-ბაღში გასული არდადეგების პერიოდში მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ჩატარდა - განახლდა დაზიანებული სახურავი, შეიღება ფასადი, გარემონტდა სააღმზრდელო ჯგუფები, დერეფნები, კიბის უჯრედები და ღონისძიებების დარბაზი, ასევე, შეკეთდა ამორტიზებული საევაკუაციო კიბეები. საბავშვო ბაღში წელს 750-მდე აღსაზრდელი მიიღებს სკოლამდელ განათლებას.
„მინდა თითოეულ პატარას, მათ მშობლებს და რა თქმა უნდა, ბაღის თითოეულ თანამშრომელს მივულოცო ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება და ვუსურვო მშვიდობიანი წელიწადი. ზაფხულის არდადეგებზე ჩვენ თბილისის თითქმის ყველა ბაღში ჩავატარეთ სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები, განვახორციელეთ გამაგრება-რეკონსტრუქციისა და ეზოების განახლების პროექტები, რათა კომფორტული, კეთილმოწყობილი და უსაფრთხო გარემო შეგვექმნა ჩვენი პატარებისათვის,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.