კახა აბულაძემ 2024 წლის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა აბულაძემ 2024 წელს სააგენტოს მიერ განხორციელებული სამუშაოების ანგარიში წარადგინა.
სააგენტოს ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ახალი ბაღების მშენებლობაზე, არსებული ბაღების განახლება-რეაბილიტაციასა და სოციალურ-საგანმანათლებლო პროგრამებზე.
როგორც კახა აბულაძემ ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, 2024 წელი მნიშვნელოვანი იყო სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდის თვალსაზრისით, რადგან თბილისში გაიხსნა ხუთი ახალი საბავშვო ბაღი ისნის, დიდუბის, გლდანისა და სამგორის რაიონებში, ასევე, აღსაზრდელების ახალი ნაკადი მიიღო იმ ორმა ბაღმა დიდუბისა და კრწანისის რაიონებში, რომლებსაც მასშტაბური სარეაბილიტაციო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაუტარდა, რის შედეგადაც ალტერნატიულ ფართებში განთავსებული კონტინგენტი განახლებულ შენობებში დაბრუნდა. ასევე, 2024 წელს, ბაღების სააგენტომ „განახლების პროგრამის“ ფარგლებში, სრულად განაახლა თბილისის 6 საბავშვო ბაგა-ბაღის ინფრასტრუქტურა, ნაწილობრივი სარემონტო სამუშაოები კი განხორციელდა 120-მდე საბავშვო ბაღში.
სააგენტოს ხელმძღვანელმა პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზეც ისაუბრა, რაც ითვალისწინებს პერსონალის განვითარებას, მათ გადამზადებასა და მხარდაჭერას, ასევე, საერთაშორისო მეთოდოლოგიების ინტეგრირებას სააღმზრდელო პროცესში. ამასთანავე, აღინიშნა წინსვლა ბაგა-ბაღების ავტორიზაციის მოსამზადებელ პროცესში, რაც მოიცავს როგორც ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას, ისე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე და სხვა წევრები, მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები, რაიონების გამგებლები, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების დირექტორები და სააგენტოს თანამშრომლები.