კახა აბულაძე ევროპის განათლების ფონდის (ETF) წარმომადგენლებს შეხვდა
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა აბულაძე ევროპის განათლების ფონდის (ETF) წარმომადგენლებს შეხვდა და დედაქალაქში სკოლამდელი განათლების მუნიციპალური სისტემის მუშაობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ევროკავშირის დაფინანსებით ETF-ი იწყებს ახალ რეგიონულ პროგრამას - "განათლების რეფორმები და უნარები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში”. პროგრამა ფარავს სისტემას სკოლამდელი განათლებიდან უმაღლესი განათლების ჩათვლით და მისი მიზანია ქვეყნების განათლების სისტემებში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და შესაძლებლობების განვითარება.
კახა აბულაძემ მოადგილესთან, დავით ფანცულაიასთან ერთად, დელეგაციის წევრებს განუმარტა თბილისის სკოლამდელი განათლების მუშაობის პრინციპი, ისაუბრა სისტემის სტრუქტურაზე, სტატისტიკურ მონაცემებსა და ძირითად გამოწვევებზე.
„ბაღების მართვის სააგენტო მზადაა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობისათვის, შესაბამისად, მივესალმებით ნებისმიერ ინიციატივას, რაც ხელს შეგვიწყობს სკოლამდელი განათლების საუკეთესო სერვისების დანერგვასა და უმაღლესი ხარისხის საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროგრამების განვითარებაში,“ განმარტა კახა აბულაძემ.
შეხვედრას ევროპული დელეგაციიდან ესწრებოდნენ პროგრამის დირექტორი ტიმო კუუსელა, პიოტრ სტრონკოვსკი, საქართველოს საკითხებზე პასუხისმგებელი ოფიცერი, პროგრამის ექსპერტები ივონა განკო, თეა სიფრაშვილი და ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშე, იურატე იუოდსნუკიტე.