ახალი ამბები

HEART-მეგობრული შემოდგომა N101 საბავშვო ბაღში

საბავშვო ბაღებში შემოდგომის თემაზე მრავალფეროვანი ღონისძიებები გრძელდება. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა აბულაძე გლდანის რაიონში მდებარე N101 საბავშვო ბაღში იმყოფებოდა, სადაც ფერადი შემოდგომის აქტივობა საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა HEART-ის მეთოდოლოგიით ჩატარდა.
ღია სივრცეში მოწყობილ სხვადასხვა შემეცნებით და შემოქმედებით კუთხეში პატარებმა მშობლებისა და აღმზრდელების დახმარებით, საინტერესო ექსპონატები დაამზადეს, რისთვისაც გამოყენებული იყო როგორც პირველადი, ისე მეორეული სამუშაო მასალა.
ღონისძიება ბაღის ყველა ჯგუფის აღსაზრდელებისა და მშობლების ჩართულობით გაიმართა და მას სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად დაესწრნენ პარლამენტის დეპუტატი ვლადიმერ ბოჟაძე, გლდანის რაიონის გამგებლის მოადგილე ნანა ციმაკურიძე და განათლების სამინისტროს წარმომადგენელი, მარიამ ჩიბუხაშვილი. სტუმრებმა ყველა სივრცე დაათვალიერეს და ბავშვებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა შემოქმედებით აქტივობებში.
პროგრამა „ჰართი“ („HEART” – Healing and Education Through the Arts) არის ხელოვნების გზით განათლებისა და გაჯანსაღების მეთოდოლოგია, რომელიც მრავალფეროვანი აქტივობებით პატარებს სტრესის დაძლევაში, ემოციების მართვაში, კომუნიკაციისა და შემეცნებითი უნარების განვითარებაში ეხმარება. პროგრამა განსაკუთრებით ეფექტიანია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესში ჩართვისა და განვითარებისათვის.