„ჰართის“ პროგრამით საბავშვო ბაღების აღმზრდელთა გადამზადება დაიწყო
საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children-სა და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, „ჰართის“ პროგრამით, საბავშვო ბაღების აღმზრდელთა გადამზადება დაიწყო.
თითოეულ ტრენინგს 16 აღმზრდელი ესწრება. პროგრამის დასრულების შემდეგ მათ კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცემათ.
პროგრამა „ჰართი“ („HEART” – Healing and Education Through the Arts) არის ხელოვნების გზით განათლებისა და გაჯანსაღების მეთოდოლოგია, რომელიც მრავალფეროვანი აქტივობებით პატარებს სტრესის დაძლევაში, ემოციების მართვაში, კომუნიკაციისა და შემეცნებითი უნარების განვითარებაში ეხმარება. პროგრამის ეფექტიანობა როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი პილოტირების შედეგების კვლევებით დადასტურებულია. პროგრამა განსაკუთრებით ეფექტიანია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესში ჩართვისა და განვითარებისათვის.
ტრენინგებს „ჰართის“ პროგრამის ტრენერები, ნინო ჩქვიმიანი და ნუცა ფრუიძე უძღვებიან. მათ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი კახაბერ გვანცელაძე ერთ-ერთ ტრენინგზე შეხვდა და წარმატებები უსურვა ამ მნიშვნელოვან პროექტში.
პროექტი სრულად ფინანსდება საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და მისი ბიუჯეტი 250 000 ლარია