გურამ ოქროპირიძე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომას დაესწრო
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების განვითარების საკითხებზე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრის, პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილის ეკა სეფაშვილის ინიციატივით, საკანონმდებლო ორგანოში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ეკა სეფაშვილი, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულების თემატური მომხსენებელია, თბილისის საკრებულოს წევრებსა და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს გურამ ოქროპირიძეს შეხვდა. შეხვედრაზე ის რეკომენდაციები განიხილეს, რომელიც 6 ნოემბერს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე - „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების განვითარება საქართველოში – გამოწვევები, მიღწევები და სამომავლო პერსპექტივები” შემუშავდა.
ეკა სეფაშვილის განცხადებით, კონფერენციაზე 15 რეკომენდაცია მომზადდა. მათ შორის ერთ-ერთი რეკომენდაცია შეეხება ბაგა-ბაღების აღსაზრდელებში ეროვნული ფოლკლორის, მულტიპლიკაციური გმირებისა და ეროვნული ავტორების პოპულარიზაციის საკითხს.
„რეკომენდაციები ასევე შეეხება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში აღმზრდელ-პედაგოგისა და აღმზრდელის პროფესიული საქმიანობის, გაძლიერებისა და კარიერული წინსვლის სქემის შემუშავებას და დანერგვას. აგრეთვე, აღმზრდელ-პედაგოგის და აღმზრდელის შრომის ანაზღაურების საბაზისო ზღვრული ოდენობის განსაზღვრას“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
მისი თქმით, შესაბამის სამინისტროებთან უკვე დაწყებულია რეკომენდაციებზე მუშაობა.