ახალი ამბები

ესტონელი პედაგოგები ქართველი კოლეგების გამოცდილებას ეცნობიან

თბილისის N35 საჯარო ბაგა-ბაღს ესტონელი აღმზრდელ-პედაგოგები ესტუმრნენ და დედაქალაქის სკოლამდელი განათლების სისტემის სპეციფიკას გაეცნენ. სააღმზრდელო პროცესზე დაკვირვების შემდეგ, სტუმრებს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი კახაბერ გვანცელაძე და მისი მოადგილე ირაკლი თურმანიძე შეხვდნენ. გაცნობით შეხვედრაზე ესტონელმა სპეციალისტებმა კოლეგებს შთაბეჭდილებები გაუზიარეს და ესტონეთისა და საქართველოს სკოლამდელი განათლების სისტემების მსგავსებასა და განსხვავებებზე ისაუბრეს.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის, კახაბერ გვანცელაძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს და ერთობლივი პროგრამების განხორციელებას. „მათი ინტერესის სფერო არის ჩვენ მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები, აქედან გამომდინარე გავცვალეთ ინფორმაცია. გავეცანით ესტონურ გამოცდილებას. ასევე ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზეც“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

როგორც ესტონელმა სტუმრებმა აღნიშნეს, საქართველოს გამოცდილებიდან ბევრი რამის გაზიარება შეიძლება. მათი თქმით, აქ უფრო დიდი ყურადღება ეთმობა მათემატიკას და სახვით ხელოვნებას.

„შესანიშნავი ბაღი გაქვთ. არაჩვეულებრივად მუშაობს თქვენი პერსონალი. ასეთი დატვირთვისას, როცა ჯგუფში ამდენი ბავშვია, მასწავლებელი ძალიან კარგად ართმევს თავს. კარგ მეთოდიკას იყენებთ. არის ბევრი რამ, რაც შეიძლება ჩვენ გადავიტანოთ. არაჩვეულებრივი იყო იმის ნახვა, თუ როგორ ართმევენ თავს თქვენი პედაგოგები სამუშაოს. ბავშვებს აქვთ ინტერესი, თვალები უბრწყინავთ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ყველაფრის ნახვა და პროცესში მონაწილეობაც. არის გეგმები და ჩვენ უკვე მოვიწვიეთ თქვენი პედაგოგები და კოლექტივი ტალინში, რათა მათაც ნახონ ჩვენ როგორ ვმუშაობთ“, - აღნიშნა საბავშვო ბაღის დირექტორმა ნინა ტამემეცმა.

„ბევრი საინტერესო რამ გავიგეთ. გავამახვილებდი ყურადღებას იმაზე, რომ აქ უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ მათემატიკას და სახვით ხელოვნებას, ეს მართლაც ძალიან საინტერესო იყო, რადგან ჩვენთან უფრო დიდ ყურადღებას ენების სწავლებაზე ვამახვილებთ. არის მსგავსებაც, ბაღებში ჩვენც გვყავს ორი მასწავლებელი და მასწავლებლის დამხმარე,“ - განაცხადა საბავშვო ბაღის დირექტორმა ტატიანა შუხურევამ.