დიდუბეში N19 საბავშვო ბაღი მალე ახალ შენობაში დაბრუნდება
თბილისის N19 საბავშვო ბაგა-ბაღი რამდენიმე თვეში ახალ შენობაში დაბრუნდება. მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები თბილისის მერის მოადგილემ კახა გულედანმა საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ გოგი ჩიქოვანთან ერთად დაათვალიერა. პროექტის დეტალებს გაეცნენ დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე, პარლამენტის წევრი ირმა ზავრადაშვილი და საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარი წევრი გივი ჩხარტიშვილი.
“დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში მდებარე საბავშვო ბაღის ძველი შენობის ნაცვლად ახალი, თანამედროვე დიზაინის და სტანდარტების შენობა აშენდა, სადაც ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ, 250-მდე აღსაზრდელი ისწავლის. შენობა აღიჭურვება საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად - ადაპტირდება შშმ პირთათვის, მაღალი სტანდარტების კვების ბლოკი იფუნქციონირებს, მოეწყობა შიდა და გარე ეზო, დამონტაჟდება ვიდროსამეთვალყურეო და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები,” განაცხადა გოგი ჩიქოვანმა.
N19 საბავშვო ბაღის ჯგუფები ამ დრომდე ახლომდებარე ბაღებში არის გადანაწილებული, ახალი წლიდან კი ისინი ძველ მისამართზე დაბრუნდებიან. ამ ეტაპზე, შენობაში ინტერიერის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში დაიწყება ფასადისა და ეზოს მოწესრიგება. მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის ღირებულება 4 180 000 ლარია.