ბაღებში პროდუქტები და საახალწლო საჩუქრები რიგდება
გლდანის მე-8 მიკრორაიონში, ახლადაშენებულ N102 საბავშვო ბაგა-ბაღში კვების პროდუქტების გაცემას ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე, გლდანის რაიონის გამგებელთან, ბექა მიქაუტაძესთან ერთად გაეცნო.
„პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში თბილისში 15 ახალი ბაღი აშენდა, 7 ახალი ბაღის მშენებლობა კი მიმდინარეობს. ჩვენ ერთ-ერთ ახალ ბაღში ვიმყოფებით, სადაც სოციალური პროექტი გრძელდება - ვარიგებთ კვების პროდუქტებს. სულ 10 სახეობის პროდუქტს, ასევე, საახალწლო ნობათებს პატარებისთვის. მინდა, ყველას მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.
კვების პროდუქტებს თბილისის 185 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები 19 მარტის შემდეგ, მეთორმეტედ იღებენ და ჯამში 700 000-მდე პაკეტია გაცემული. ამჯერად კი, ბავშვებს ნობათთან ერთად საახალწლო საჩუქრებიც გადაეცათ.
სოციალური პროექტი პანდემიის პრევენციისათვის, განსაზღვრული წესებისა და რეგულაციების ფარგლებში მიმდინარეობს. დაცულია როგორც ბაღის პერსონალის, ისე, მშობლების უსაფრთხოება.
ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი 2020 წლის ოქტომბერში გაიხსნა, მაგრამ პანდემიის გამო, სააღმზრდელო პროცესი რამდენიმე კვირაში შეწყდა. საბავშვო ბაღი ათჯგუფიანია და 300-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის და აღჭურვილია ბავშვთა უსაფრთხოებისთვის სავალდებულო საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების შესაბამისად. დამონტაჟებულია უსაფრთხოების ბადეები, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები, სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, ლიფტი შშმ პირთათვის და საევაკუაციო კიბეები ყველა სააღმზრდელო ჯგუფისთვის. ბაღს აქვს კეთილმოწყობილი და გამწვანებული ეზო, თანამედროვე სათამაშო სივრცეებითა და მინიავტოქალაქით.
ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში გულია გოცირიძე.