ახალი ამბები

ბაღების სააგენტოსა და კოლეჯ Skillwill-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Skillwill კოლეჯსა და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობა ითვალისწინებს კოლეჯის სტუდენტებისთვის პრაქტიკული სწავლების, ხოლო სააგენტოსა და ბაღების პერსონალისთვის უფასო ტრენინგ-კურსების შეთავაზებას შემდეგი 6 წლის განმავლობაში. 

მემორანდუმის ფარგლებში,  ასევე დაგეგმილია ერთობლივი მუშაობა ბაგა-ბაღებში პრაქტიკული პროექტების განხორციელებაზე, სტაჟირების პროგრამების გაძლიერებასა და საერთო საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზებაზე.

“თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო უწყვეტად მუშაობს სკოლამდელი განათლების სერვისების განვითარებაზე და ამ მხრივ, გადამწყვეტია ხარისხიანი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლების მიწოდება ჩვენი ბენეფიციარებისათვის. ამ მიზნით, ჩვენ გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმი კოლეჯ „სქილვილთან“, რაც ითვალისწინებს კოლეჯის სტუდენტებისთვის სტაჟირების, ხოლო სააგენტოსა და ბაღების პერსონალისთვის უფასო ტრენინგ-კურსების შეთავაზებას. ეს არის ორმხრივი შესაძლებლობა როგორც პროფესიის დაუფლების მსურველთათვის, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება, ისევე ჩვენს სისტემაში დასაქმებულთათვის, რომ  გაიღრმავონ კვალიფიკაცია პროფესიული წინსვლისა და განვითარებისათვის." - განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა აბულაძემ. 

კოლეჯი Skillwill-ი პროექტში ჩართულ მხარეებს სთავაზობს მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამებს, მაღალტექნოლოგიურ მხარდაჭერასა და კომფორტულ პირობებს, ხოლო ბაღების სააგენტო მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების და შემდგომში, დასაქმების შესაძლებლობას.

თანამშრომლობის მემორანდუმს კოლეჯის დირექტორმა გიორგი მარიამიძემ და სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა აბულაძემ მოაწერეს ხელი.