ბაღების სააგენტო და სურსათის ეროვნული სააგენტო ერთობლივ მონიტორინგს ატარებს
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა აბულაძე, სააგენტოს მონიტორინგისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ექსპერტების მიერ სამზარეულო ბლოკების შემოწმების პროცესს დაესწრო.
სპეციალისტებმა საბურთალოს რაიონში მდებარე N122 და სამგორის რაიონში მდებარე N130 საბავშვო ბაღების სამზარეულოები, პროდუქტის სასაწყობე და სამაცივრე სივრცეები, ასევე, სააღმზრდელო ჯგუფებში არსებული სველი წერტილები შეამოწმეს. მონიტორინგი მოიცავს, როგორც პროდუქტის, ისე ინვენტარის მდგომარეობის კონტროლს.
„თბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისთვის გათვალისწინებულია ოთხჯერადი კვება, რისთვისაც შედგენილია მრავალფეროვანი მენიუ 60 სახეობის პროდუქტის გათვალისწინებით. პროდუქტი ბაღებს ყოველდღიურ რეჟიმში მიეწოდება, რათა დაცული იყოს მისი შენახვისა თუ მომზადების წესები უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით. ამასთან, მნიშნელოვანია, რომ ჩვენ გასულ წელს სრულად დავნერგეთ ჰასპის სტანდარტი, რითაც კვების უსაფრთხოება უმაღლეს საერთაშორისო დონეზე ავიყვანეთ,“ - განაცხადა კახა აბულაძემ.
მისივე თქმით, მონიტორინგი საბავშვო ბაღებში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რაც კვების მიმართულებით მაღალი სტანდარტების შენარჩუნებას ისახავს მიზნად.