ახალი ამბები

ბაღების სააგენტო და ორგანიზაცია "SOS - ბავშვთა სოფელი" ერთობლივ პროექტს იწყებენ

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და საერთაშორისო ორგანიზაცია SOS - ბავშვთა სოფელი საქართველოს” შორის თანამშრომლობით, თბილისის 12 საბავშვო ბაგა-ბაღში დაიწყება ახალი პროექტი სახელწოდებით „უსაფრთხო, ინკლუზიური და ეკომეგობრული საბავშვო ბაღების განვითარება თბილისში“.
 
პროექტის პრეზენტაცია სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართა, სადაც ორგანიზაციის პროგრამების განვითარების დირექტორმა თამარ ჭანტურიამ და პროექტის მენეჯერმა გურანდა თეთრაძემ შერჩეული ბაღების წარმომადგენლებს დასახული მიზნები გააცნეს და მათი განხორციელების მექანიზმებზე თავიანთი ხედვა და გამოცდილება გაუზიარეს.
შეხვედრას დაესწრო თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი გურამ ოქროპირიძე, რომელმაც განაცხადა, რომ სააგენტო პარტნიორებთან ერთად მხარს დაუჭერს ნებისმიერ პროექტს, რომელიც ბავშვების საუკეთესო ინტერესებსა და სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.
აღნიშნული პროექტის ამოცანებია ბავშვთა დაცვის პრაქტიკის გაუმჯობესება, ინკლუზიური განათლების პრაქტიკის გაძლიერება, ეკო-განათლებისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების გაზრდა, პროფესიული განვითარების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება.
პროექტის ფარგლებში გადამზადდება ბაღების პერსონალი, შეიქმნება გზამკვლევები, შემუშავდება შიდა რეფერირების პროცედურები, ჩატარდება მრავალფეროვანი აქტივობები და საინფორმაციო შეხვედრები.