2550 აღმზრდელი პირველადი გადაუდებელი დახმარების კურსს გადის
თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღის 2 550 აღმზრდელი პირველადი გადაუდებელი დახმარების კურსს გადის. ტრენინგებს, რომელიც როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას მოიცავს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „აითი ნოლიჯი“ ატარებს.
სასწავლო კურსი იმ ცოდნის მიწოდებას ითვალისწინებს, რაც ბავშვთან კონტაქტში მყოფი პერსონალისთვის შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების მისვლამდეა აუცილებელი, მათ შორის, არის ტრავმა, სისხლდენა, გონების დაკარგვა, ხელოვნური სუნთქვა და სხვა გადაუდებელი ღონისძიებები.
ტრენინგის მონაწილე ერთ-ერთ ჯგუფს დღეს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე შეხვდა.
მისი განცხადებით, ბაგა-ბაღის ყველა ის თანამშრომელი, რომელსაც შეხება აქვს ბავშვებთან, უნდა ფლობდეს ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმოქმედოს განსაკუთრებულ შემთხვევებში.
პირველადი სამედიცინო დახმარების კუთხით აღმზრდელების გადამზადება ახალი სააღმზრდელო წლის დაწყებამდე დასრულდება და ყველა მსმენელს კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცემა.