facebook youtube

თბილისში წლების წინ დახურული 25-ე საბავშვო ბაღი გაიხსნა

20 ივნისი 2016
image

ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩაზე წლების წინ დახურულ №25 საბავშვო ბაგა-ბაღში (ყოფილი რკინიგზის მე-3 ბაღი) სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა. ბაღი გათვლილია 350 აღსაზრდელზე.

ახლადგახსნილი ბაღი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან, მერის მოადგილე ნინა ხატისკაცთან და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორთან თემურ თორდინავასთან ერთად დაათვალიერა. ღონისძიებას ესწრებოდა ნაძალადევის რაიონის გამგებელი ზაზა გაბუნია, ასევე, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.

დავით ნარმანიას თქმით, თბილისის მერია ინტენსიურად მუშაობს ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობის მიმართულებით.

„დღეს გავხსენით მეოთხე ახალი საბავშვო ბაღი, რითაც 350 პატარას ვაჩუქეთ სიხარული. ეს არის აბსოლუტურად თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული ბაღი, სადაც პატარების ღირსეული აღზრდისთვის ყველანაირი პირობა არსებობს. ამით ჩვენ ვაგრძელებთ იმ ძალიან აქტუალურ პროგრამას, რასაც ჰქვია ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა სულ უფრო მეტ უბანში. ზაფხულის განმავლობაში ათამდე ახალი ბაღის მშენებლობა დაიწყება, სექტემბერში კი ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დადგომას 3 ახალი ბაღით შევხვდებით“ – განაცხადა თბილისის მერმა.

აღნიშნული საბავშვო ბაგა-ბაღი ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვანი ბაღებიდან, რომელიც გასულ წლებში სხვადასხვა მიზეზით დაიხურა. შენობაში შესახლებული იყვნენ დევნილები, რომლებიც, მოგვიანებით, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდნენ. თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ძველი, ამორტიზებული შენობის დემონტაჟი განახორციელა და თანამედროვე სტანდარტების ახალი ბაღის მშენებლობა უზრუნველყო.

ბაღში 10 სააღმზრდელო ჯგუფი იფუნქციონირებს და 60-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

ბოლო თვეების განმავლობაში თბილისში სამი ახალი და წინა წლებში დახურული ასევე სამი საბავშვო ბაღი გაიხსნა.