facebook youtube

ახალი საბავშვო ბაღი ვაშლიჯვარში

27 ივნისი 2017
image

საბურთალოს რაიონის ვაშლიჯვრის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღი სექტემბერში გაიხსნება. დასრულებული შენობა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან, თემურ თორდივანავასთან ერთად დაათვალიერა.

თბილისის მერის თქმით, ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღი ვაშლიჯვარში წლების განმავლობაში არსებულ პრობლემას მოაგვარებს და 350-მდე აღსაზრდელის მიღებას შეძლებს.

,,კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა და ჩავიბარეთ. ძალიან მოწესრიგებული და თანამედროვე საბავშვო ბაღია, რომელიც მომზადდება და სექტემბერში ვაშლიჯვარში მივიღებთ პატარებს. დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა ამ უბანს პრობლემა, არ არსებობდა ახლოს არც ერთი საბავშვო ბაღი, ასე რომ, ძალიან ბევრ ოჯახს და ძალიან ბევრ პატარას გავახარებთ. ბაღი დაახლოებით 2 200 კვ.მ ფართობზეა განლაგებული, ადაპტირებულია, არის თანამედროვე, ენერგოეფექტური შენობა, ძალიან კარგ ადგილას მდებარეობს და ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენთვის ერთ-ერთი საამაყო პროექტია,”- განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.

ვაშლიჯვარში, ამ ეტაპზე, ერთი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნას სრულად ვერ აკმაყოფილებს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ახალ საბავშვო ბაღში 10 ჯგუფი გაიხსნება და ბაღი 350-მდე აღსაზრდელის მიღებას შეძლებს; დასაქმდება 70 ადამიანი.

საბავშვო ბაღის მშენებლობაზე, დედაქალაქის ბიუჯეტიდან, 2 192 000 ლარი დაიხარჯა. სექტემბერში თბილისში სულ 5 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება. თბილისის მერთან ერთად ვაშლიჯვარში მდებარე ახალ საბავშვო ბაგა-ბაღში საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, დეპუტატი თამარ ტალიაშვილი და საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე იმყოფებოდნენ. #თბილისი2017 #საბავშვობაღებითბილისში თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო.