facebook youtube

თბილისში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

25 მაისი 2017
image

 თბილისში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად, წყნეთში მდებარე ბაღის შენობის საძირკველში დღეს სიმბოლური კაფსულა ჩადო. „წყნეთის დასახლებისთვის ახალი ბაღის მშენებლობა მნიშვნელოვანია, ვინაიდან, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის პარალელურად, გაჩნდა მოთხოვნა და ჩვენ ამ მოთხოვნას ადეკვატურად ვუპასუხეთ. ძალიან ბევრი პატარაა უკვე აქ წარმოდგენილი, რომლებიც, როგორც კი დამთავრდება ბაღის მშენებლობა, ისარგებლებენ ამ ბაღით და კიდევ ერთი კარგი საქმე გაკეთდა წყნეთისთვის და ზოგადად, თბილისისთვის,“- განაცხადა დავით ნარმანიამ. ახალ სააღმზრდელო დაწესებულებაში 10 ჯგუფი გაიხსნება და ბაღი 400-მდე აღსაზრდელის მიღებას შეძლებს; დასაქმდება 65 ადამიანი. აღსანიშნავია, რომ ამჟამად წყნეთში მხოლოდ ერთი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, რის გამოც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაზე მოთხოვნა ძალიან დიდია. თბილისში, ამ ეტაპზე, საერთო ჯამში 10 საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთაგან ხუთი სექტემბერში გაიხსნება. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო წელს კიდევ 8 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყებს. სიმბოლური კაფსულის ჩადების ღონისძიებას თბილისის მერთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და დეპუტატი თამარ ტალიაშვილი ესწრებოდნენ. წყნეთში ახალი ბაღის მშენებლობისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 570 000 ლარი დაიხარჯება. #თბილისი2017 #მშენებლობა2017 #საბავშვობაღებითბილისში თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო