facebook youtube

ფესტივალში ,,პატარა-ხელებით' ცნობილი ადამიანები ერთვებიან.

19 აპრილი 2017
image

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ბავშვთა შემოქმედების გამოფენაში საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები ერთვებიან. მთაწმინდის რაიონში მდებარე N162 ბაგა-ბაღს დღეს ბავშვებისათვის საყვარელი მხატვარი ზაალ სულაკაური ესტუმრა და ბაგა-ბაღის ადმინისტრაციას საკონკურსო ექსპონატების შერჩევაში დაეხმარა.

ფესტივალის შესარჩევი ტურის მიმდინარეობას ღონისძიების მთავარი მხარდამჭერი ორგანიზაციის, გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ წარმომადგენელი ანა ამირანაშვილიც გაეცნო. გამომცემლობამ ბავშვთა შემოქმედების გამოფენის მხარდაჭერის სურვილი პროექტის გაცნობისთანავე გამოთქვა და საორგანიზაციო საკითხებში ჩაერთო.

დღევანდელ შეხვედრას საქართველოს სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი სოფიო კაკალიაშვილიც ესწრებოდა. პროექტის მზადების პროცესში გაჩნდა იდეა, რომ პატარების მიერ დამზადებული ექსპონატები ფესტივალის ფინალურ ტურზე სიმბოლურ ფასად გაიყიდოს, შემოსული თანხა კი სოლიდარობის ფონდში გადაირიცხოს.

ბავშვთა გამოფენა-ფესტივალისთვის ბაღებმა მზადება რამდენიმე კვირის წინ დაიწყეს. 10 რაიონის მიხედვით გამოვლენილი გამარჯვებული ბაღები გადავლენ ფინალურ ტურში, რომელიც 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, განახლებულ აღმაშენებელზე გაიმართება.