facebook youtube

სოფელ დიღომში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

7 აპრილი 2017
image

თბილისს კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი შეემატება. ბაღის მშენებლობას საფუძველი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსთან თემურ თორდინავასთან და სოფელ დიღომში მცხოვრებ პატარებთან ერთად ჩაუყარა და შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადო.

ახალი საბავშვო ბაღი თბილისის შემოერთებულ ტერიტორიაზე შენდება. ამჟამად სოფელ დიღომში მხოლოდ ერთი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. ის ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, რადგან აღნიშნულ ბაღში ბავშვები სოფელი დიდგორიდან, თელოვანიდან და ძველი ვეძისიდან დადიან.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღი 2018 წლიდან 350-მდე ბავშვს მოემსახურება.

„სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში განხორციელდება, რათა მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდეს და მომდევნო წლიდან საბავშვო ბაღში უკვე აღსაზრდელები მივიღოთ. ეს იქნება აბსოლუტურად თანამედროვე შენობა , ენერგოეფექტური, ადაპტირებული და მაქსიმალურად კომფორტულად მოწყობილი“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ღონისძიებას საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გია ალიბეგაშვილი და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.