facebook youtube

სააგენტოს 2016 წლის ანგარიში

23 იანვარი 2017
image

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს დირექტორმა თემურ თორდინავამ დედაქალაქის საკრებულოს 2016 წლის ანგარიში ჩააბარა.  საკრებულოს გასვლითი სხდომა გაიმართა ისნის რაიონში მდებარე N37-ე საბავშვო ბაღში, რომელიც ერთ-ერთია გასულ წელს სააგენტოს მიერ აშენებულ შვიდ ბაღს შორის.

თემურ თორდინავამ ანგარიში საერთაშორისო კვლევაზე საუბრით დაიწყო და განაცხადა, რომ კვლევამ საბავშვო ბაღებით კმაყოფილების 82%-მდე ზრდა აჩვენა, რაც ბოლო სამი წლის მანძილზე ამ სფეროში სააგენტოს მიერ განხორციელებული მკვეთრი და რადიკალური რეფორმების შედეგია.

მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესი იყო ახალი ბაღების მშენებლობა, ასევე ავარიული შენობების რებილიტაცია/რეკონსტრუქციის შედეგად ჯგუფების დამატება, რადგან ამ გზით  2016 წელს 1600  ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა; დაინერგა ელექტრონული რეგისტრაციის მეთოდი და ამ ფორმით, გასულ წელს 166 ბაღში 59 000 აღსაზრდელი დარეგისტრირდა; გატარდა საკადრო რეფორმა, რომლის მიხედვითაც საბავშვო ბაღების პერსონალის შერჩევა სამეტაპიანი ტესტირებით ხდება. აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან თბილისის ბაღებში მუშაობენ ფსიქოლოგები, ლოგოპედები და სპეც. პედაგოგები, რომლებმაც სპეციალური გადამზადების კურსები გაიარეს და პროცესი კვლავაც გრძელდება.  გარდა იმისა, რომ ყველა ახალი საბავშვო ბაღის პროექტებში გათვალისწინებული იყო პანდუსების მოწყობა, განსაკუთრებული საჭიროების მქონე აღსაზრდელებისათვის სტანდარტული პანდუსები მოეწყო კიდევ 40-მდე ძველ საბავშვო ბაღშიც.

თემურ თორდინავამ ყურადღება გაამახვილა საბავშვო ბაღებში კვების ახალი სტანდარტების დანერგვაზე და აღნიშნა, რომ დედაქალაქის ყველა საბავშვო ბაღში კვების უზრუნველყოფა ISO 9001-2008-ისა და HACCP-ის სტანდარტების შესაბამისად ხდება.

დაინერგა სასკოლო მზაობის სტანდარტი, შემუშავდა დამხმარე სახელმძღვანელო 5-6- წლის ბავშვებისათვის „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“, გადამზადდნენ პედაგოგები, ტესტირების გზით შეიქმნა საკადრო რეზერვი, რომელიც უზრუნველყოფს ვაკანტურ ადგილებზე კვალიფიციური კადრების დასაქმებას.

თემურ თორდინავამ ყურადღება გაამახვილა საბავშვო ბაღების პედაგოგთა ხელფასების ზრდაზე. მისი თქმით, ანაზღაურების 5-20%-იანი ზრდა თანამშრომელთა 87 პროცენტს შეეხო. ამასთან, კიდევ ერთი სიახლე იყო 40-მდე საზაფხულო ბაღის ფუნქციონიერება, რომელმაც14 000 აღსაზრდელი მიიღო.

საკრებულოს გასვლით სხდომას საკრებულოს დეპუტატებთან ერთად პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, არასამთავრობო ორგანიზაციების, პედაგოგთა პროფკავშირების წარმომადგენლები და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ.  შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა.

წლიური ანგარიშის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.