facebook youtube

N107 საჯარო ბაგა-ბაღს სრული რემონტი ჩაუტარდა

7 თებერვალი 2017
image

N107-ე საბავშვო ბაგა-ბაღი ერთ-ერთია იმ საჯარო ბაღებიდან, რომელსაც სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მიუხედავად იმისა, რომ შენობა არ იყო ავარიული, მისი შიდა ინფრასტრუქტურა იყო უმძიმეს მდგომარეობაში და ვერ აკმაყოფილებდა ჰიგიენის, სანიტარიისა და უსაფრთხოების ნორმებს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ შენობა მჭიდროდ დასახლებულ უბანში, გლდანის მე-6 მიკრო-რაიონში მდებარეობს და საბავშვო ბაღებზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია, იქ სააღმზრდელო პროცესი მაინც მიმდინარეობდა. შენობის სრული რემონტი გასულ ზაფხულს დაიწყო და სამუშაოების ფარგლებში შეიცვალა ბაღის ფასადი, მოეწყო ღობე, განახლდა შიდა ინტერიერი, სამზარეულო და სველი წერტილები. ბაღი ახალი ინვენტარით აღიჭურვა; ყველა სააღმზრდელო ოთახში დამონტაჟდა სამეთვალყურეო ვიდეო-კამერები. ბაღში მოეწყო ფსიქოლოგის, სპეც-პედაგოგისა და ექთნის ოთახები. სარემონტო სამუშაოების შედეგად, ამოქმედდა ავარიული მდგომარეობის გამო დახურული 3 ჯგუფი, რის შედეგადაც ბაღის მომსახურება დამატებით 120-მდე ბავშვმა მიიღო, ასევე შეიმინა შენობის ღია შესასვლელი, სადაც ღონისძიებების გასამართი სივრცე მოეწყო. დღესდღეობით, N107-ე საჯარო ბაგა-ბაღი 470 აღსაზრდელს ემსახურება. დასრულებული სამუშაოები საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ მოადგილესთან, ნინო ბურძენიძესთან ერთად დაათვალიერა და სააღმზრდელო პროცესსაც გაეცნო. „ახალი ბაღების მშენებლობის პარალელურად, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ძველი ბაღების რეაბილიტაციასაც ინტენსიურად ახორციელებს. ამ ბაღში სააღმზრდელო პროცესის წარმართვა არ შეიძლებოდა, რადგან მდგომარეობა იყო უმძიმესი. ჩატარდა ძალიან მასშტაბური სამუშაოები და შემიძლია ვთქვა, რომ 107-ე ბაგა-ბაღი, ფაქტობრივად, თავიდან აშენდა“, - განაცხადა თემურ თორდინავამ. ახალი ბაღების მშენებლობის პარალელურად, ძველი ბაღების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია 2017 წელსაც გაგრძელდება.