18 ოქტომბერი 2016
2016 წლის გეგმა შესრულებულია - თბილისში წელს 7 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი აშენდა.
№128 საბავშვო ბაგა-ბაღი პირველი იყო, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში, მოსკოვის პროსპექტზე გაიხსნა. 500 ბავშვზე გათვლილი, ულამაზესი ბაღი, რომელიც ერთმანეთთან დაკავშირებული სამი ფლიგელისგან შედგება, ნამდვილად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
№206 საბავშვო ბაგა-ბაღი მიმდინარე წლის მაისში გაიხსნა. ბაღი ქვემო ფონიჭალაში მდებარეობს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ 300-მდე აღსაზრდელის მიღება შეძლო.
ასევე მაისში გაიხსნა გლდანში, ბოჭორიშვილის ქუჩაზე მდებარე №35 ბაღი. თანამედროვე დიზაინითა და საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი შენობა სკოლამდელი განათლებით 400-მდე ბავშვს უზრუნველყოფს.
ზაფხულში ნაძალადევის რაიონსაც შეემატა ახალი საბავშვო ბაღი. მანჯგალაძის ქუჩაზე №25 საბავშვო ბაღი გაიხსნა, სადაც 350 პატარა დადის.
ახალი ბაღების გახსნით დატვირთული აღმოჩნდა შემოდგომაც. სექტემბერში გაიხსნა №37 ბაღი ისნის რაიონში, ონაშვილის ქუჩაზე. 2 300 კვ.მ-ზე განთავსებულ ბაღში 500-მდე ბავშვია დარეგისტრირებული.
ასევე სექტემბერში გაიხსნა №20 საბავშვო ბაღი კრწანისის რაიონში, კრწანისის ქუჩაზე, რომელმაც 250-მდე პატარა გაახარა. №20 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობა 2002 წელს თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგად მძიმედ დაზიანდა და ამ დრომდე ბაღი ნაქირავებ შენობაში ფუნქციონირებდა.
ოქტომბერში თბილისს №79 საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატა. მიტინგის ქუჩაზე მდებარე ბაღი ყოფილი N79 ბაღის ტერიტორიაზე აშენდა, რომელიც 2011 წელს ავარიულობის გამო დაიხურა, აღსაზრდელები კი ამ დრომდე N7 საჯარო სკოლის შენობაში დადიოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ყველა ზემოთჩამოთვლილი საბავშვო ბაგა-ბაღი ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის.