facebook youtube

თბილისის საბავშვო ბაღები სამი წლის წინ და დღეს

2 ნოემბერი 2017

thumbnail

თბილისში ბოლო სამი წლის მანძილზე რიგით მეთორმეტე ახლადაშენებული საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა.

N33-ე საჯარო ბაღი საბურთალოს რაიონში, ვაშლიჯვარში მდებარეობს და აქ ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესი მშვიდ და კეთილმოწყობილ გარემოში წარიმართოს.

ვაშლიჯვრის დასახლებაში აქამდე ერთადერთი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა და ისიც ვერ აუდიოდა ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნას, ახლა კი ამ მზარდ უბანს 350 ბავშვზე გათვლილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება შეემატა. ბაღში ზღაპრული გარემოა შექმნილი - თანამედროვე შენობა, როგორებსაც დიდად არ ვართ მიჩვეულნი, ფერად-ფერადი აივნებით, ნათელი ოთახებით, კეთილმოწყობილი ეზოთი, დიდი სპორტული და საკონცერტო დარბაზებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი და აღჭურვილი სამზარეულოთი, ლიფტით და სხვა ინვენტარით, რომელიც არამარტო ბავშვებს უქმნის ბედნიერების განცდას, არამედ დასაქმებულ 70 ადამიანს საშუალებას აძლევს კომფორტულ გარემოში შეასრულონ დაკისრებული მოვალეობა.

N33-ე ბაგა-ბაღის გახსნის ღონისძიება გამორჩეული იყო იმით, რომ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ მერსა და მოწვეულ სტუმრებს საკმაოდ ემოციური ვიდეო-კლიპი წარუდგინა, რომელშიც შეჯამებული იყო სამწლიანი მუშაობის შედეგი ანუ 2014 წლის შემოდგომამდე არსებული რეალობა და თბილისის ბაღები დღეს - 2017 წლის შემოდგომაზე.

თემურ თორდინავამ სტუმრებს გაახსენა ის მდგომარეობა, რაც მას სააგენტოს ხელმძღვანელად მუშაობის დაწყებისას დახვდა. მისი თქმით, ეს იყო: 50-მდე დახურული ბაღი, ავარიული შენობები, სარემონტო ოთახები, ანტისანიტარია სამზარეულოებსა და საპირფარეშოებში, ძველი ინვენტარი, მოძველებული გათბობის სისტემა, მორღვეული და არარსებული ღობეები, მოუწყობელი ეზოები, დაზიანებული ასფალტის საფარი, კვების მოუწესრიგებელი სისტემა, ფსიქოლოგების,  ლოგოპედებისა და სპეც. პედაგოგების ინსტიტუტის არარსებობა, არაადაპტირებული გარემო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის, რის გამოც ინკლუზიურ განათლების ხელშეწყობა იდეის დონეზეც კი არ იდგა დღის წესრიგში.

ვიდეო-კლიპის მეორე ნაწილი კი დღეს არსებულ ვითარებას ასახავდა. თემურ თორდინავას განცხადებით, მისი ხელმძღვანელობით, თბილისში აშენდა 12 ახალი ბაღი, ამჟამად მიმდინარეობს 13 ბაღის მშენებლობა, გაიხსნა გასულ წლებში დახურული ბაღები, მოქმედ საბავშვო ბაღებს შეემატა 105-ზე მეტი ახალი ჯგუფი, 4  საბავშვო  ბაღს ჩაუტარდა გამაგრება-რეკონსტრუქცია, 84 ბაღში გაკეთდა ღობე, 100-მდე ბაღში მოეწყო სპორტულ-გასართობი მოედნები, 65-ზე მეტ ბაღში  მოეწყო პანდუსი, მოწესრიგდა და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა სამზარეულოები, გარემონტდა სააღმზრდელო ოთახები, სამზარეულო და სველი წერტილები, 40-მდე ბაღში დაიგო ასფალტის საფარი,  გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, შეიქმნა ერთიანი მენიუ ყველა ბაღისთვის, კვების რაციონი გახდა მრავალფეროვანი, ყველა ბაღს დაემატა ფსიქოლოგის, ლოგოპედისა და სპეცპედაგოგის შტატი, შეიქმნა 3000 მეტი სამუშაო ადგილი, მიმდინარეობს კადრების გადამზადება და მუშაობა საგანმანათლებლო კომპონენტის დახვეწისა და განვითარებისათვის.

თემურ თორდინავას განცხადებით, სააგენტომ სამი წლის განმავლობაში „ხანძრის ჩაქრობის“ პრინციპით იმუშავა და შედეგად, ურთულესი პრობლემები დაძლეულია, ახლა კი სწრაფი განვითარების პერიოდი იწყება, რომელიც საბავშვო ბაღების საერთაშორისო სტანდარტებთან გათანაბრებას ისახავს მიზნად.